NATO-ს და დიდი შვიდეულის ლიდერებმა საგანგებო შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს პოლონეთს, ქვეყნის აღმოსავლეთში ღამით მომხდარი აფეთქების შემდეგ.
მსოფლიო ლიდერების თქმით, ისინი გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას რათა განსაზღვრონ მომდევნო ნაბიჯები.
ლიდერებმა ასევე დაგმეს გუშინ, 15 ნოემბერს რუსეთის მხრიდან უკრაინულ ქალაქებსა და ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ბარბაროსული სარაკეტო თავდასხმა.
დღეს NATO-სა და G7-ის ლიდერების საგანგებო შეხვედრა ჩაინიშნა, რომელსაც კანადის, ევროკომისიის, ევროპული საბჭოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, ნიდერლანდების, ესპანეთის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის დიდი ოცეულის სამიტზე დასასწრებად ბალიში შეკრებილი ლიდერები დაესწრნენ.
„ჩვენ ვგმობთ იმ ბარბაროსულ თავდასხმებს, რომლებიც რუსეთმა უკრაინულ ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სამშაბათს [15 ნოემბერს] მიიტანა.
ჩვენ განვიხილეთ აფეთქება, რომელიც პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინის საზღვართან მოხდა. პოლონეთს ვთავაზობთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას და დახმარებას მიმდინარე გამოძიებაში. ჩვენ ვთანხმდებით, რომ შევინარჩუნებთ მჭიდრო კონტაქტს, რათა განვსაზღვროთ მომდევნო ნაბიჯები გამოძიების მიმდინარეობისას“ – წერია ერთობლივ განცხადებაში.
NATO-მ და დიდმა შვიდეულმა უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა ხელახლა გამოუცხადა. ერთობლივ განცხადებაში მსოფლიო ლიდერებმა განაცხადეს, რომ რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისრება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინის ქალაქებში დაახლოებით 100 რაკეტა ჩამოაგდო, რის შედეგადაც სულ მცირე 12 ქალაქსა და დასახლებას მიადგა ზიანი. ეს 10 ოქტომბრის შემდეგ უკრაინაზე ყველაზე მასშტაბური შეტევა იყო.
პოლონეთის ტერიტორიაზე, 15 ნოემბერს უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ლულინში 2 რაკეტა ჩამოვარდა. პოლონეთი ადასტურებს, რომ მათ ტერიტორიაზე რუსული წარმოების რაკეტა ჩამოვარდა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობს, რომ "15:40 საათზე პოლონეთ-უკრაინის საზღვართან, რუსული წარმოების რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც პოლონეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დაიღუპა".
შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ელჩი დაიბარა და "მოითხოვა სასწრაფო, დეტალური განმარტებები".
პოლონეთს პრემიერმინისტრმა "კრიზისული სიტუაციის გამო" უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სასწრაფო სხდომა მოიწვია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას და ამბობს, რომ გავრცელებული ცნობები "მიზანმიმართული პროვოკაციაა ესკალაციის მიზნით".
პოლონეთმა დაადასტურა, რომ მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და მომხდარის გამო, სამხედრო მზადყოფნის გაზრდის შესახებ განაცხადა.
მომხდარის შემდეგ, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ესაუბრა. სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი აკვირდება სიტუაციას და მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად დადგინდეს ფაქტები.
ახლა მსოფლიო ლიდერები აცხადებენ, რომ უნდა გაირკვას დეტალები, თუ რა მოხდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კი თქვა, რომ ნაკლებადსავარაუდოა, რაკეტები რუსეთიდან ყოფილიყო გაშვებული.